მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 მიგრანტი დააკავეს
„მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 109 აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მიგრანტია, ორი კი მაროკოს მოქალაქე. ისინი ქალაქ ფნიდეკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სოციალურ ქსელებში სეუტაში მასობრივი გადასვლის შესახებ მოწოდებები გავრცელდა.
ესპანური სააგენტოს ცნობით, მაროკოს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს იმ მიგრანტების დასაშლელად, რომლებიც საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ბორცვებზე იყვნენ შეკრებილი.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში სეუტაში ათიათასობით მიგრანტი გადავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში დაახლოებით 60 000 ადამიანი უკანონოდ შევიდა. მიგრაციული კრიზისის დროს 100 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მიგრანტების უმეტესობა მაროკოში რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი რჩება.