მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა, რამდენიმე კვირაში გაიმართოს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა, რამდენიმე კვირაში გაიმართოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მათ ყურადღება ტრამპსა და პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე გაამახვილეს.
რუბიომ განმარტა, რომ ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის დროს გაიმართოს, რომელიც 18-19 ნოემბერს ჩინეთშია დაგეგმილი.
„ჩვენ მოკლედ განვიხილეთ მომავალ თვეში APEC-ის სამიტზე ჩვენი ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
რუბიომ ასევე დასძინა, რომ ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი, დაესწრება, თუ არა კრემლის ხელმძღვანელი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის ლიდერთა სამიტს. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი სამიტზე მიწვეულია. ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგს გამოიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს თავის უკრაინელ და რუს კოლეგებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს. თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, თუ სად და როდის შეიძლება გაიმართოს ასეთი მოლაპარაკებები.