მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს - ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გაუქმდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ უკანონო სქემებსა და ქსელებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
რუბიოს თქმით, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის (Birth Tourism Prevention Task Force) მიზანია იმ უკანონო ქსელების გამოვლენა და დაშლა, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის სავიზო სისტემის მოტყუებაში ეხმარებიან, მათთვის მოგზაურობასა და საცხოვრებელს აწყობენ და დოკუმენტებსაც კი აყალბებენ, რათა მათ შვილებმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღონ.
„ამერიკის მოქალაქეობა არ იყიდება. თუმცა, კარგად ორგანიზებული „სამშობიარო ტურიზმის“ ქსელები სარგებელს იღებენ ამერიკის კანონების ბოროტად გამოყენებით. უცხოელებს აშშ-ის სავიზო სისტემის მოტყუებას ასწავლიან, ორგანიზებას უწევენ მათ მგზავრობასა და საცხოვრებელს, დოკუმენტებსაც კი აყალბებენ. ყველაფერს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შვილებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მოპოვება შეძლონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა „სამშობიარო ტურიზმის პრევენციის სამუშაო ჯგუფი“, რათა შეამოწმოს ვიზის მფლობელთა საქმიანობა, დაშალოს უკანონო ქსელები და ბოლო მოუღოს ჩვენი ქვეყნის კანონების ამ სასტიკ ბოროტად გამოყენებას“, - წერს მარკო რუბიო.
სახელმწიფო მდივნის ცნობით, სამუშაო ჯგუფის ამოქმედებიდან ერთ თვეში, მსოფლიოს მასშტაბით უკვე 600-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. უწყება გეგმავს, ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენოს სქემების დასაშლელად და აშშ-ის მოქალაქეობის ინსტიტუტის დასაცავად.
ცნობისთვის, „სამშობიარო ტურიზმი“ გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც ორსული ქალები აშშ-ში მშობიარობის მიზნით მიემგზავრებიან, რათა მათმა შვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღოს.
American citizenship is not for sale.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) August 12, 2026
But elaborate birth tourism rings are profiting off the exploitation of America's laws- coaching foreigners to defraud the U.S. visa system, arranging travel and housing, and even forging documents, all to enable foreign nationals to obtain…