Loading data...
მარკო რუბიო: ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების გზამკვლევი შევიმუშაოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში“ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის „საგზაო რუკის“ შემუშავება შესაძლებელია. ამის შესახებ მან კოლუმბიაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებს „მნიშვნელოვანი“ უწოდა.

„არ მინდა, ეს [მოლაპარაკებები] შევაფასო, როგორც კარგი, ან ცუდი, პროდუქტიული, ან არაპროდუქტიული, გარდა იმისა, რომ ის შინაარსიანი იყო - განიხილებოდა ახალი იდეები, რადგან ეს ძალიან რთული კონფლიქტია“, - განაცხადა მან.

რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების მიღწევის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.

„როგორც იცით, ჩვენ მათ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ვაკვირდებით და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს ორივე მხრიდან დათმობებზე წასვლის მზადყოფნის თვალსაზრისით. ორივე მხარე კვლავ იცავს ძალიან მკაფიო „წითელ ხაზებს“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრები გზას გაუხსნის რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების განახლებას.

„ამიტომ, არ მსურს, ზედმეტად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, მაგრამ არც პესიმისტური ვარ იმ გაგებით, რომ, ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, უახლოეს კვირებში შევიმუშაოთ მოლაპარაკებების განახლების გზამკვლევი და შესაძლოა, მივიდეთ დასკვნამდე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, რადგან სწორედ ეს არის საჭირო კონფლიქტის დასასრულებლად - ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს ამას“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.