Loading data...
მარკო რუბიო - ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევამ რუსეთი და უკრაინა დააახლოვა, თუმცა მაინც შორს არიან ერთმანეთისგან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევამ რუსეთი და უკრაინა დააახლოვა, თუმცა ისინი მაინც შორს არიან ერთმანეთისგან. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუბიომ თქვა, რომ პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის მიტაცება. 

„პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება, მაგრამ არც უკრაინელებს შეუძლიათ რუსების იმ პოზიციამდე მიყვანა, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ჩვენ ვიცით, სად არის ახლა რუსეთი. ჩვენ ვიცით, სად არის უკრაინა. ისინი ჯერ კიდევ შორს არიან ერთმანეთისგან“, - განაცხადა მარკო რუბიომ. 

ამასთან, რუბიოს განცხადებით, მსოფლიოში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი.

„მე არ ვამბობ, რომ უკრაინაში ომი უმნიშვნელოა, მაგრამ ის, რაც ჩინეთთან ხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ირანის ბირთვული ამბიციები... ბევრი რამ ხდება. ასე რომ, პროგრესის მისაღწევად მალე რაღაც უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“, - თქვა რუბიომ.