მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი.
მარკო რუბიომ, მიუნხენში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მონაწილეობას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რუბიომ მონაწილეობა მიიღო G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც განიხილეს მიმდინარე კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და დასავლეთ ნახევარსფეროში.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.