Loading data...
მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად „ახალი იდეებია“ საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩიხიდან გამოსასვლელად „ახალი იდეებია“ საჭირო.

რუბიოს თქმით, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად „ახალი იდეების“ განხილვაა საჭირო, რადგან აქამდე შეთავაზებული წინადადებები „იმ დროისთვის უკრაინისთვის მიუღებელი“ იყო.

„არა მგონია, რომ ისინი ახლა მისთვის მისაღები იყოს; სინამდვილეში, ისინი, ალბათ, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღები იქნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი აზრით, თუ მშვიდობა დამყარდება, „ეს ახალი იდეებისა და კონცეფციების დამსახურება იქნება“.

„ჩვენ მზად ვართ, ზოგიერთი მათგანი შესაბამის კონტექსტსა და ფორმაში შევთავაზოთ, თუ შესაძლებლობა გაჩნდება და პირობები ხელსაყრელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს როლი პოზიტიურად შევასრულოთ“, - დასძინა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ ფილიპინებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა რუბიოს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-უკრაინის ომში არსებული „რეალური“ ვითარების შესახებ და ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება დაუშვებელია.