მარკო რუბიო: ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და პირობები მიიღოს, არ შეიძლება, მას მიეცეს უფლება, განსაზღვროს, ვინ ისარგებლებს ჰორმუზის სრუტით, ეს დანაშაულებრივი ქმედებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანისთვის მნიშვნელოვანია, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და აირჩიოს დიპლომატიური გზა, რომელიც „აღდგენამდე, კეთილდღეობამდე და სტაბილურობამდე მიიყვანს“.
„ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და პირობები მიიღოს. ალტერნატივა მზარდი იზოლაცია, ეკონომიკური კოლაფსი და, საბოლოოდ, სრული დამარცხებაა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ თეირანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მათ შეერთებული შტატების ნებისყოფა ნამდვილად არ უნდა გამოცადონ“, - აღნიშნა რუბიომ.
როგორც რუბიომ აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, „არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, საერთაშორისო საზღვაო გზა აკონტროლოს“.
მისივე თქმით, „ირანს, არ შეიძლება, მიეცეს უფლება, განსაზღვროს, ვინ ისარგებლებს სრუტით, რადგან ეს სრულიად არალეგიტიმური და მიუღებელი დანაშაულებრივი ქმედებაა“.
რუბიოს განცხადებით, სწორედ ამიტომ აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“, რათა კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გადაადგილებაში დაეხმარონ.
მისი შეფასებით, სრუტეში გაჩერებული გემები ირანის რეჟიმმა „სასიკვდილოდ მიატოვა“.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ახლა ის ქვეყნებიც საფრთხეში არიან, რომლებიც კონფლიქტში ჩართული არ არიან, რადგან შესაძლოა, მათ არა მხოლოდ ტვირთი, არამედ საკუთარი მოქალაქეებიც დაკარგონ.
მისივე თქმით, იწურება საკვებისა და წყლის მარაგი.
„ამის შედეგად, სულ მცირე, ათი მეზღვაური უკვე დაიღუპა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, აშშ-ს დახმარება არაერთმა ქვეყანამ სთხოვა, რათა მათი დროშების ქვეშ მცურავი გემები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ოპერაციები თავდაცვითი ხასიათისაა. რუბიოს განცხადებით, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს დაესხმება თავს, შტატები მას აუცილებლად უპასუხებს.
„არ იქნება სროლა, თუ პირველები არ გვესვრიან. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვპასუხობთ, თუ ჩვენზე თავდასხმა ხორციელდება. თუ გვესვრიან, ჩვენ ვუპასუხებთ. ვუპასუხებთ მომაკვდინებელი ეფექტურობით“, - აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანთან ომის შეტევითი ფაზა „დასრულებულია“.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დასრულებულია. ჩვენ ამ ოპერაციის მიზნებს მივაღწიეთ“, - განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, ახლა აშშ-ის პრეზიდენტს სურს ირანთან შეთანხმების მიღწევა, მათ შორის, მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას შეეხება.
„ეს არის გზა, რომელსაც ის ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ჯერჯერობით ირანს ეს გზა არ აურჩევია“, - აღნიშნა რუბიომ.