Loading data...
მარკო რუბიო აცხადებს, რომ ლავროვთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი და აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ფილიპინებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ რუბიო პლატფორმა X-ზე წერს. 

რუბიოს არ დაუკონკრეტებია მოლაპარაკების დეტალები, რომელიც ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა.

„დღეს ასეანის მინისტერიალის ფარგლებში შევხვდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. განვიხილეთ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების აუცილებლობა“, - აღნიშნა რუბიომ. 

ცნობისთვის, უცხოური მედიის ცნობით, რუბიოსა და ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 37 წუთს გაგრძელდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს. 

ასევე, ლავროვთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი.