Loading data...
მარკო რუბიო: აშშ არ აყენებს ეჭვქვეშ ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე

აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცხადია, ჩვენ ინფორმირებულები ვართ ანგარიშის შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ“, - აღნიშნა რუბიომ. 

კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა აშშ აღნიშნულ განცხადებას, რუბიომ უპასუხა: „ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით“.

რუბიომ დასძინა, რომ აშშ ამ დასკვნებზე „არ დავობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო.