Loading data...
მარკ რუტეს მტკიცებით, პუტინს სამხედრო იდეები და ფული ამოეწურა, რაც კრემლზე ზეწოლის გაზრდის საშუალებას იძლევა

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უმთავრდება ფული, სამხედროები და იდეები. ამის შესახებ რუტემ ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტეს თქმით, აშშ-ის მიერ უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „მნიშვნელოვნად გაზრდის ზეწოლას პუტინზე“ და უბიძგებს მას მოლაპარაკებებისკენ.

რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს და აჩვენებს უკრაინაში ომის შეჩერებისა და მყარი მშვიდობის დამყარებისადმი აშშ-ის პრეზიდენტის ერთგულებას.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ალიანსის ყველა წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი იარაღი უნდა მიაწოდოს კიევს.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით დარტყმების განხორციელების გზით.

რუტეს განმარტებით, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის მიწოდების საკითხი კვლავაც განიხილება და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის მისაღებია.