მარკ რუტე: ნატოს ყველა წევრი თავდაცვაზე მშპ-ის ორ პროცენტს დახარჯავს, ეს არასდროს მოხდებოდა ტრამპის გარეშე, მართლა გგონიათ, რომ იტალია, ესპანეთი ან კანადა ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე მიიღებდნენ?
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის და დონალდ ტრამპი შეხვედრისას ორ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. პირველი საკითხი ეხება არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებას.
„ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გაძლიერება არქტიკაში და იქ მათი სამხედრო უპირატესობის მოპოვება“, - განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის საუბრის გაგრძელებას.
მარკ რუტემ ისაუბრა დონალდ ტრამპის როლზეც ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.
„ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თავდაცვაზე მშპ-ის ორ პროცენტს დახარჯავს. ეს არასდროს მოხდებოდა პრეზიდენტ ტრამპის გარეშე. მართლა გგონიათ, რომ იტალია, ესპანეთი ან კანადა ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე მიიღებდნენ? გამორიცხულია“, - აღნიშნა მარკ რუტემ.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, აშშ-ის გარეშე, უსაფრთხოების შენარჩუნება ევროპული ქვეყნებისგან არა ორი პროცენტის, არამედ, სულ მცირე, ათი პროცენტის გამოყოფას მოითხოვს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, განაგრძეთ ოცნება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამერიკის გარეშე ევროპა კარგავს თავისუფლების მთავარ გარანტს“, - დასძინა რუტემ.