მარკ რუტე: მიზეზი იმისა, რომ ომი დღემდე გრძელდება, პუტინია
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინია რუსეთ-უკრაინის ომის დღემდე მიმდინარეობის მთავარი მიზეზი, - ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტებმა გენერალურ მდივანს ჰკითხეს, თუ რატომ არის ასე რთული უკრაინაში ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მშვიდობის დიდი იმედები არსებობდა.
„მიზეზი პუტინია“, - უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის ლიდერი მზადაა, 1.1 მილიონი თავისი ხალხი გაწიროს სამხედრო გამარჯვებების მიღწევის გარეშე.
„ის მზად არის, რომ თავისი ხალხიდან 1.1 მილიონი ადამიანი გაწიროს. წელს მას ძალიან მცირე წინსვლა ჰქონდა. ტერიტორიების მინიმალური ნაწილი დაიკავა. წლის დასაწყისთან შედარებით უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა. ჩვენი შეფასებით რუსეთის მხრიდან 1.1 მილიონი ადამიანი დაღუპულია ან დაჭრილია. ეს საშინელებაა“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ხელისუფლებაში იანვარში მოვიდა და რომლის მოსვლაც ომის დასრულების დიდ იმედებთან იყო დაკავშირებული, „აბსოლუტურად ერთგულია ამ საკითხის მიმართ“.
„ის ამ ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. ის ერთადერთია, ვინც შეძლო პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა - და ერთადერთია, ვისაც საბოლოოდ შეუძლია აიძულოს მას მშვიდობის დამყარება. ამის გამო მას ძალიან დიდ პატივს ვცემ“, - დასძინა რუტემ.