Loading data...
მარკ რუტე ფიქრობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნატოზე გავლენას არ იქონიებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გამოთქვა რწმენა, რომ ალიანსი „ძლიერი“ დარჩება, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს მომავალ წელს საფრანგეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტე დარწმუნებულია, რომ ნატო შეინარჩუნებს თავის ერთიანობას და კურსს, იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი.

„საფრანგეთში არჩევნები მომავალი წლის მაისში გაიმართება და კიდევ ერთხელ, შედეგის მიუხედავად, ნატო ერთიანი და ძლიერი დარჩება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საფრანგეთის არჩევნებში, ახალი ლიდერი თავდაცვაში ინვესტიციების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით არჩეული კურსის ერთგული დარჩება. ეს კი, მისი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი შესაძლო საუკეთესო პოზიციაში დაასრულოს. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად, 2027 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში გაიმართება. გამოკითხვებში კვლავ ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაფორმალური ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს.