Loading data...
მარკ რუტე: აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და შესაძლოა კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამჟამად უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ მან პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„გასულ წელს ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. თუმცა არსებობს პრაქტიკული ასპექტიც. რამდენიმე მოკავშირემ ცალსახად განაცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ესენი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, შეერთებული შტატები და სლოვაკეთი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სახელმწიფო“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გარანტიებმა თავიდან უნდა აიცილოს რუსეთის განმეორებითი თავდასხმა.

„ამჟამად მათ [უსაფრთხოების გარანტიების] სამი დონე აქვთ. პირველი არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. ისინი, რა თქმა უნდა, ისევე იმოქმედებენ, როგორც პოლონეთსა და ნატოს მთელ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში კი უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც თავდაცვის პირველი ხაზი გახდება. თავდაცვის მეორე ხაზი იქნება ის, რასაც „მსურველთა კოალიცია“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავითარებდა“, - დასძინა რუტემ.

ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესში მესამე ელემენტი იქნება. მან გაიხსენა, რომ აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი გამხდარიყო.

„ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უსაფრთხოების კოლექტიური პაკეტი“, - აღნიშნა რუტემ.