მარკ რუტე: ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად, უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა მაინც სჭირდება
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოუწოდა მოკავშირეებს, არ დაივიწყონ უკრაინის დახმარების საჭიროებები ახლო აღმოსავლეთში მზარდი სამხედრო დაძაბულობის ფონზე.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის ჩართული აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში, თუმცა ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი აკეთებს.
ამავდროულად, რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ალიანსის ყურადღების ცენტრში უნდა დარჩეს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკელების მხარდასაჭერად და ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში მაქსიმალურად ძლიერი იყოს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ის, ასევე, იმედოვნებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგის ამოწურვას არ გამოიწვევს.