Loading data...
მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადა და ჩინეთი ახალ „სტრატეგიულ პარტნიორობას“ ამყარებენ, რომელიც ორივე ერს „ისტორიულ“ წარმატებას მოუტანს

ოტავა და პეკინი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ, რომელიც ორივე ერს „ისტორიულ“ წარმატებას მოუტანს, განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში გამართულ შეხვედრაზე. 

კარნის პეკინში ვიზიტის მიზანი შეერთებული შტატების შემდეგ სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორთან კავშირების აღდგენას ემსახურება. 

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობა განხეთქილების დროს დავიწყოთ“, - განუცხადა კარნიმ სი ძინპინს.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა ყურადღება გაამახვილონ იმ სფეროებზე, რომლებსაც ორივესთვის „ისტორიული მოგების“ მოტანა შეუძლიათ, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, აგროსურსათი, ენერგეტიკა და ფინანსები.

„სწორედ აქ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ სწრაფ და მდგრად პროგრესს“, - დასძინა მან.

თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ კანადა-ჩინეთის ურთიერთობები ოქტომბერში სამიტზე მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ გამოსწორებისკენ მიდის. 

„შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს ჩვენმა შეხვედრამ ჩინეთ-კანადის ურთიერთობების გაუმჯობესების ახალი თავი გახსნა. ჩინეთ-კანადის ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარება ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება“, - განუცხადა სი ძინპინმა კარნის.