Loading data...
მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გაიყვანს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გაიყვანს. 

ლე პენის თქმით, საფრანგეთი ალიანსში უნდა დარჩეს, თუმცა სამხედრო სარდლობის სისტემიდან გასვლა ქვეყნის დამოუკიდებლობას გააძლიერებს.

ლე პენმა აღნიშნა, რომ ევროპა ზედმეტად დამოკიდებულია აშშ-ის გადაწყვეტილებებზე.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოს ინტეგრირებული სარდლობიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ ნატოში, თუმცა სარდლობის დატოვება ხელს არ უშლის მოკავშირე ძალებთან ურთიერთქმედებას. რეალურად, ჩვენ დამოკიდებული ვართ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე, რაც სამწუხაროა“, - აცხადებს ლე პენი, რომლის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.

ცნობისთვის, ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობა ალიანსის მუდმივი სამხედრო მართვის სისტემაა, რომლის მიზანია, რომ 32 წევრი სახელმწიფოს სამხედრო ძალებმა საჭიროების შემთხვევაში ერთიან ძალად სწრაფად იმოქმედონ.