მაკრონმა სირიის ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან სატელეფონო საუბარი გამართა და სირიაზე ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმები განიხილა.
„კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი ერთგულება სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ ისრაელთან ჩვენი მოლაპარაკებები. ორივემ გამოვხატეთ მხარდაჭერა სირია-ლიბანის საზღვრის სტაბილიზაციის საკითხში თანამშრომლობის მიმართ. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.
მაკრონმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სამხრეთ სირიაში ეთნიკურმა ძალადობამ დაახლოებით 1000 ადამიანი იმსხვერპლა.
„აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ ძალადობის შემდგომი ეპიზოდები და უზრუნველვყოთ, რომ ამ ქმედებებში პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სუვეიდაში დრუზებისა და ბედუინების შეიარაღებულ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „დადებითი სიგნალია. ახლა მშვიდობიანმა დიალოგმა უნდა უზრუნველყოს პროგრესი სირიის გაერთიანების მიზნისკენ, მისი ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით“.
„და ბოლოს, აღვნიშნე პრეზიდენტ ალ-შარაას ერთგულება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ და ხაზი გავუსვი ერთობლივი თანამშრომლობის აუცილებლობას“, - დაასკვნა მაკრონმა.