Loading data...
მაკრონის ოფისმა დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იანვარში იქნება მზად

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა საბოლოო შეთანხმება 2026 წლის იანვარში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე იგეგმება, სამი ხაზისგან შედგება. ის უკრაინაში უცხოური ჯარების ყოფნასა და ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავს ვალდებულებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ელისეის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით European Pravda-ს განუცხადა.

ამრიგად, ევროპისა და შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა 2026 წლის იანვარში დასრულდება.

„მსურველთა კოალიციის“ შემდეგმა შეხვედრამ, რომელიც იანვრის დასაწყისშია დაგეგმილი, უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, დავასრულოთ უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმვა, რომელსაც უკრაინას მივცემთ“, - განმარტა  წყარომ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ამ დროისთვის უსაფრთხოების გარანტიები თავდაცვის სამი ხაზისგან შედგება:

უსაფრთხოების გარანტიების პირველი ხაზი - ძლიერი უკრაინული არმია, რომელიც თავდაცვის წინა ხაზზე იდგება და გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომელსაც „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ახალი თავდასხმის შესაკავებლად.

უსაფრთხოების გარანტიების მეორე ხაზი - ეს არის „მსურველთა კოალიციის“ შეიარაღებული ძალების უკრაინაში ყოფნა, როგორც უკრაინული არმიის მხარდაჭერის სტრატეგიული სიგნალი. დასავლელი სამხედრო პერსონალი ასევე განლაგდება უკრაინის გარეთ, საჭიროების შემთხვევაში, ძალების გადანაწილების შესაძლებლობით.

„მსურველთა კოალიციის“ სახელმწიფოების სამხედრო პერსონალისთვის არ არის საუბარი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ან ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განხორციელებაზე“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი დისტანციურად განხორციელდება ტექნიკური სათვალთვალო აღჭურვილობის გამოყენებით.

უსაფრთხოების გარანტიების მესამე ხაზი (backstop) - მისი თქმით, ეს დაფუძნებული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან მიწოდებულ გარანტიებზე, რომელიც ნატოს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე იქნება შემუშავებული. 

ამრიგად, თუ რუსეთი ომს განაახლებს, მას საქმე ექნება არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ კიევის ყველა მოკავშირესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.

„მსურველთა კოალიციის“ შემდეგ შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიების ფორმულირების პროცესი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა წყარომ და დასძინა, რომ უსაფრთხოების ამ გარანტიებს ამჟამად ევროპელები, უკრაინელები და ამერიკელები ერთმანეთში განიხილავენ.