მაკრონი: რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ევროპელებმა უნდა მიიღონ
ევროპელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების ბედი, რომელთა უმეტესობა ბელგიაშია განთავსებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, იტყობინება Politico.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარყო ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ პირობები. მან მოუწოდა ევროპელებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივები“, - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ მოიცავს წინადადებას, რომ ეს აქტივები გამოყენებული იყოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის აღდგენითი სამუშაოებისთვის.
ამავდროულად, Politico აღნიშნავს, რომ ასეთი წინადადება საფრთხეს უქმნის ევროპის ძალისხმევას, მობილიზდეს 140 მილიარდი ევროს აქტივები უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაფინანსებლად.