მაკრონი: ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უნდობლობა არ არსებობს
ევროპა და შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარების საქმეში გაერთიანებულები უნდა იყვნენ. უნდობლობა არ არსებობს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტია. და მე ისევ და ისევ ვიმეორებ: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განუცხადა საფრანგეთის ლიდერმა ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტის დროს.
მაკრონის თქმით, ევროპული ქვეყნები აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმებიან.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპელები სჭირდება, რომ ამ სამშვიდობო ძალისხმევას ხელმძღვანელობდნენ“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები, რომ მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები უკრაინის ტერიტორიების საკითხში აშშ-ის მხრიდან ღალატის შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს Spiegel-მა გამოაქვეყნა ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საიდუმლო სატელეფონო საუბრის სავარაუდო ჩანაწერი.
როგორც გამოცემა წერდა, მოლაპარაკებების დროს მაკრონმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ აშშ-მა შესაძლოა, უკრაინასა და ევროპას ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უღალატოს.
ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი „თამაშობენ“ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინა უიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებებში მარტო არ უნდა დარჩეს.