Spiegel-ი: მაკრონი და მერცი შიშობენ, რომ აშშ ევროპასა და უკრაინას უღალატებს
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის ქვეყნებსა და უკრაინას შორის სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, „უკრაინას და ევროპას უღალატოს“, - ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი ლიდერებს შორის 1-ელ დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით იტყობინება.
სატელეფონო ზარი გასულ შაბათ-კვირას ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა, რომელშიც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები მონაწილეობდნენ.
უკრაინის პრეზიდენტთან საუბარს ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ასევე ევროკავშირის ლიდერები.
როგორც გამოცემა წერს, საუბრის დროს, სავარაუდოდ, მაკრონმა ახსენა „აშშ-ს მიერ უკრაინის ტერიტორიული საკითხების გამო ღალატის ალბათობა“.
ჩანაწერის თანახმად, მან ასევე დასძინა, რომ ზელენსკის გამო „დიდ საფრთხეს“ ხედავს (გამოცემა არ აკონკრეტებს კონკრეტულ კონტექსტს.
მერცმა განაცხადა, რომ ზელენსკი „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს უახლოეს დღეებში.
„ისინი თამაშობენ როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთ მომენტში განაცხადა, რომ „ჩვენ (ევროპელებმა) უკრაინა და ვოლოდიმირი ამ ბიჭებთან მარტო არ უნდა დავტოვოთ“.
„ვეთანხმები ალექსანდრეს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ვოლოდიმირი“, - დასძინა რუტემ.
ფინეთის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის პრესსამსახურებმა არ უპასუხეს Spiegel-ის თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით.