მაკრონი: ევროპა რუსეთთან კონფრონტაციაშია და სისუსტე არ უნდა გამოავლინოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ევროპა რუსეთთან კონფრონტაციაშია და სისუსტე არ უნდა გამოავლინოს“. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის წინ განაცხადა.
„ჩვენ დაპირისპირებაში ვართ რუსეთთან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ძალიან აგრესიული მოთამაშეა ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში, რომელმაც გაზარდა კიბერშეტევები, დაიწყო დამპყრობლური ომი უკრაინაში, იყენებს ბირთვულ საფრთხეს და დღეს საჰაერო სივრცეში პროვოცირებას ახდენს“, - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელები კოპენჰაგენში იკრიბებიან, რათა უკრაინისთვის დახმარების საკითხი და ასევე, „ევროპული თავდაცვის“ განვითარების ხელშეწყობა განიხილონ.
„ჩვენ მივიღეთ ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა განსაკუთრებული სესხები, რომელთა გასაცემადაც კოლექტიურად მზად ვართ, ევროპული პრეფერენციებით თავდაცვის პროგრამების მხარდასაჭერად“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, ამის მიზანი ევროპის შემაკავებელი პოტენციალის გაძლიერებაა.
„ჩვენ უნდა შევაკავოთ შორი რადიუსის რაკეტებით, ევროპული ბალისტიკური შესაძლებლობებით, ასევე, მეტი მზის სისტემითა და დრონების საწინააღმდეგო სისტემით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან სხვადასხვა თავდასხმის, კერძოდ კი რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის წინაშე „ევროპის რეაგირება სწრაფი უნდა იყოს“.
„ჩვენ არ უნდა გამოვავლინოთ არანაირი სისუსტე და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ევროპის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, დაისჯება, რადგან ეს ჩვენი უფლებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა.