მაკრონი: ახლო აღმოსავლეთში ორ ფრანგულ ბაზაზე „შეზღუდული დარტყმები“ განხორციელდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ორ ფრანგულ ბაზაზე „შეზღუდული დარტყმები“ განხორციელდა და რომ საფრანგეთი მონაწილეობდა მოკავშირეების წინააღმდეგ ირანის იერიშების მოგერიებაში.
მაკრონის თქმით, აშშ-მა და ისრაელმა ოპერაციის დაწყებით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ იმოქმედეს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში მთავარი პასუხისმგებელი პირი თავად თეირანია.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი სამხედრო ბაზების დაცვა რეგიონში. ორ მათგანზე განხორციელდა შეზღუდული დარტყმები, რამაც მატერიალური ზიანი გამოიწვია“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი „პირველივე საათებიდან“ შეუერთდა მტრის დრონების ჩამოგდებას „ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში... ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის დასაცავად“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა ეს.
მაკრონმა დაადასტურა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მიემგზავრება ავიამზიდი „შარლ დე გოლი“, რომელიც ცოტა ხნის წინ ბალტიის ზღვაში იმყოფებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე, ფრეგატი Languedoc-ი განთავსდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა კოალიციის შექმნის სურვილი, რომელიც გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით უზრუნველყოფს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო მიმოსვლის აღდგენას.
გარდა ამისა, მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის გამო და მას „სახიფათო ესკალაცია და სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ 3 მარტის საღამოს პარიზში ჩავა ორი საევაკუაციო რეისი, რომლითაც ომის გამო ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილი საფრანგეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.