Loading data...
მაკრონი: 26 ქვეყანა მზადაა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, ან მხარი დაუჭიროს ასეთ მისიას

დღევანდელი დღის - 4 სექტემბრის - მონაცემებით, 26 ქვეყანამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, გაგზავნოს თავისი ჯარისკაცები უკრაინაში, ან მხარი დაუჭიროს ასეთ მისიას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში 26 ქვეყანაა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

„ეს 26 ქვეყანა შეთანხმდა, გაგზავნონ ჯარები უკრაინაში გარანტიის ძალის სახით, ან იმყოფებოდნენ ხმელეთზე, ზღვაზე, ან ჰაერში, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიას და თავად უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის, ან მშვიდობის დამყარების მეორე დღეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ასეთი მისიის მიზანი არ არის რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის ომის წარმოება. მიზანი მშვიდობის გარანტირება და სტრატეგიული გზავნილის მკაფიო დემონსტრირებაა.

„განლაგება მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, არა ფრონტის ხაზზე, არამედ იმ გეოგრაფიულ ზონებში, რომლებიც ამჟამად განისაზღვრება. მიზანია ნებისმიერი ახალი მასშტაბური აგრესიის თავიდან აცილება და ამ 26 სახელმწიფოს მკაფიო ჩართულობის უზრუნველყოფა უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მაკრონმა.