მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ კონგრესი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმუშაოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კონგრესი მზადაა, ომის დასასრულებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმუშაოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
სენატორ ლინდსი გრეჰემის ინიციატივაზე, რომ სანქციების კანონპროექტი მთავრობის შემდგომი დაფინანსების შესახებ რეზოლუციაში შევიდეს, ჯონსონმა განაცხადა, რომ „სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილი ზომების მიღებას მოითხოვს“.
„სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილი ზომების მიღებას მოითხოვს და ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები დიდი ხანია, დაგვიანებულია. ვფიქრობ, კონგრესში ამის გაკეთების დიდი სურვილია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ თეთრ სახლთან და ჩვენს კოლეგებთან სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ამის მისაღწევად და პირადად მე ძალიან მინდა ამის გაკეთება“, - აღნიშნა ჯონსონმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანხმობას, ჯონსონმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, კანონად უნდა აქციოს“.
„ეს უნდა იყოს პარტნიორობა, მაგრამ ჩვენ ვეყრდნობით მთავარსარდალს. ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტი მსოფლიო ასპარეზზე ძლიერი და გადამწყვეტი ლიდერია (...) ამერიკაში ყველას სურს, რომ ეს სისხლისღვრა დასრულდეს და პრეზიდენტი ტრამპი ამას ცდილობს“, - დასძინა მან.