Loading data...
მადრიდის ჩრდილოეთით გაჩენილმა ტყის ხანძარმა 30 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა

ცენტრალურ ესპანეთში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარმა 32 000 ჰექტარი გაანადგურა. ქვეყნის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი გახდა, - ამის შესახებ AP წერს.

საუბარია გვადალახარას რაიონში გაჩენილ ხანძარზე, რომელიც 16 ივლისიდან მძვინვარებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამ ტერიტორიას 22 ივლისს ეწვია და პოლიტიკურ პარტიებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.

„წლიდან წლამდე ვხედავთ, თუ როგორ კლავს კლიმატის ცვლილება ადამიანებს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა. 

ცნობისთვის, 34 სოფელი ევაკუირებული იქნა, თუმცა სერიოზული დაზიანებები ან სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. 200-ზე მეტ მეხანძრეს სახმელეთო და საჰაერო დახმარება გაუწიეს.

ესპანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა სარა ააგესენმა, გვადალახარას ხანძარს „ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური“ უწოდა.