Loading data...
მადიარი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზელენსკის ზაკარპატიაში შეხვდეს

უკრაინასა და უნგრეთს შორის კონსულტაციების დასრულების შემდეგ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაკარპატიის ოლქში, ბერეგოვეში შეხვდეს. ამის შესახებ თავად უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა აღნიშნა, რომ პარტია „ტისას“ მთავრობის ფორმირება უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობას ხსნის.

„ჩვენ უკვე მივეცით სიგნალი უკრაინულ მხარეს და დავიწყეთ კონსულტაციები უნგრული უმცირესობის - ენობრივი და სხვა უმცირესობის - უფლებებთან დაკავშირებით, რათა მათაც მიიღონ ყველაფერი, რაც ევროკავშირში ყველას აქვს. ვიმედოვნებ, რომ სამუშაო მოლაპარაკებების ეს სერია სწრაფად დასრულდება და, როგორც შევთავაზე, ალბათ, შევძლებთ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას ბერეგოვეში, ზაკარპატიაში, სადაც უნგრელები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მადიარის თქმით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის გახსნას მას შემდეგ დათანხმდება, რაც ზაკარპატიაში უნგრული უმცირესობის საკითხები გადაწყდება.