Loading data...
ლუკაშენკო: ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინა რუკიდან საერთოდ გაქრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინა მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„თუ უკრაინა ფიქრობს, რომ მას შეუძლია რუსეთის დამარცხება და მზად არის, ომი აწარმოოს, მაშინ იბრძოლოს. მაგრამ, ჩემი აზრით, და, ვფიქრობ, ტრამპიც ამ პოზიციას ინარჩუნებს, თუ ისინი ასე გააგრძელებენ ბრძოლას, უკრაინა საერთოდ გაქრება რუკიდან, შეწყვეტს არსებობას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავდროულად, მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება შეიძლება „ცუდად დასრულდეს“ ევროპისა და მთლიანად მსოფლიოსთვის.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „პუტინს მშვიდობა სურს“.

„მიზეზებს არ დავასახელებ — თქვენ ისინი კარგად იცით. ​​არსებობს როგორც შიდა, ასევე გარე მიზეზები. დარწმუნებული ვარ, ზელენსკის იგივე სურს, განსაკუთრებით ახლა. თუმცა მათი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი, განსხვავებულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.