Loading data...
Lufthansa 1 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ფინანსური პრობლემების ფონზე გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ეკონომიის ახალი ზომების შესახებ განაცხადა. ავიაკომპანია ორ უმსხვილეს ჰაბში 1 000 სამუშაო ადგილის შემცირებას და ხარჯების ნაწილის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ საუბარია Lufthansa Airlines-ის ხელმძღვანელობის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში. ასეთი ზომების მიზეზად კვლავ არსებული ფინანსური სირთულეები სახელდება. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Lufthansa Airlines-ში 180 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალი დაფიქსირდა.

„საშუალოდ, ყოველთვიურად 20 მილიონ ევროს ვკარგავდით“, — წერია ავიაკომპანიის ხელმძღვანელის, იენს რიტერის მიერ ხელმოწერილ წერილში. მენეჯმენტის შეფასებით, Lufthansa-ს ძირითადი ბრენდი ზედიზედ მესამე წელია ზარალზე მუშაობს.

„Lufthansa Airlines ამჟამად კონკურენტუნარიანი არ არის ხარჯების სტრუქტურის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით“, — აღნიშნულია დოკუმენტში.

კომპანიაში არსებული მდგომარეობის გაუარესებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, საავიაციო საწვავზე მაღალ ფასებს, ცხრადღიან გაფიცვებსა და ხარჯების მაღალ დონეს უკავშირებენ.

Lufthansa-ს პროგნოზით, 2026 წელს ჯგუფის საწვავის ხარჯები, შესაძლოა, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიარდი ევროთი გაიზარდოს.

პერსონალის შემცირების გარდა, Lufthansa ხარჯების ოპტიმიზაციასაც გააგრძელებს. კერძოდ, კომპანია მოკლე და საშუალო მანძილის მარშრუტებზე რეისების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ამასთან, Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავების ნაწილი ეტაპობრივად უფრო ეკონომიური Airbus A220-ებით ჩანაცვლდება.

ასევე გადაიხედება თანამშრომლებისა და მათი თანმხლები პირებისთვის გათვალისწინებული შეღავათები ავიაბილეთებზე.

გარდა ამისა, ავიაკომპანია საკუთარი სტრუქტურების ეფექტიანობას შეაფასებს, მათ შორის ფრანკფურტისა და მიუნხენის ჰაბების ფარგლებს გარეთაც. შემცირების განხორციელების ვადები ჯერჯერობით არ სახელდება.

კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს Lufthansa-ს ჯგუფში გერმანიაში დაახლოებით 67 100 ადამიანი იყო დასაქმებული.