LRT - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში
„ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანია LRT წერს.
გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით გადააქვთ მილიარდობით დოლარის ნავთობი და მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები უკრაინაში ომის გამო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის განსაკუთრებულად აქტიურ მომხრეებს შორის არიან, ბალტიური კომპანიების ქსელი მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარება. საუბარია ტანკერების მომარაგებაზე ე.წ. საბუნკერო, ანუ მათი გადაადგილებისთვის საჭირო საწვავით. LRT-ის ინფორმაციით, ზღვაში ტანკერებისთვის საწვავის მიწოდების პროცესში ჩართული არიან ბალტიკური კომპანიების ჯგუფი Fast Bunkering და მასთან დაკავშირებული ფირმების მიერ კონტროლირებული ტანკერები. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ტანკერებმა Rina და Zircone, რომლებსაც საწვავით გასამართ მცურავ სადგურებად იყენებენ, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით მოამარაგეს 177 ტანკერი და მათგან, სულ მცირე, 159 რუსულ პორტებში იმყოფებოდა ამ ოპერაციამდე ან მის შემდეგ.
ანალიზის თანახმად, ამ ტანკერებიდან მინიმუმ 20-ს აქვს იმის ყველა ნიშანი, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაშია. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების გადაადგილების შესახებ იუწყება ფინური მედიაკომპანია Yle-ც. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში დაფიქსირებულია ამ ფლოტის 31 ტანკერი, რომლებმაც ფინეთის ყურე გაიარეს. ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული, სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავი 550-ზე მეტი გემის წინააღმდეგ.