Loading data...
ლონდონში მასშტაბურმა ხანძარმა მეტროსა და რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონთან ახლოს მდებარე ნარჩენების გადასამუშავებელ საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მეტროსა და სარკინიგზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა.

როგორც მედია წერს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და დაახლოებით 125 მეხანძრე გაიგზავნა.

ხანძარი ნისდენის სამრეწველო ზონაში, Hannah Close-ზე მდებარე შერეული ნარჩენების გადასამუშავებელ ობიექტში გაჩნდა. 

ლონდონის ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ადგილთან ახლოს მდებარე მეტროპოლიტენის მთელ ხაზზე მოძრაობა შეფერხდა. ასევე, შეჩერდა მოძრაობა Jubilee-ის ხაზის მონაკვეთზე „უემბლი პარკსა“ და „უესტ ჰემპსტედს“ შორის.

შეფერხდა, ასევე, მატარებლების მოძრაობა London Marylebone-ის სადგურის მიმართულებით.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.