Loading data...
ლიზ ტრასი: პრობლემები, რომლებსაც ამერიკაში „დიფ სთეითის“ და ადმინისტრაციული სახელმწიფოს სახით ვხვდებით, არსებობს ბრიტანეთში და მთლიანად დასავლურ სამყაროში

ცხადია, პრობლემები, რომლებსაც ამერიკაში „დიპ სტეიტის“ და ადმინისტრაციული სახელმწიფოს სახით ვხვდებით, იმავე სახით არსებობს აქ, ბრიტანეთში და მთლიანად დასავლურ სამყაროში. არსებობენ ადამიანები და სტრუქტურები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ძალაუფლება დააგროვეს. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მეინსტრიმულ მედიასთან და მრავალი თვალსაზრისით აკონტროლებენ და აყალიბებენ ნარატივს. სწორედ ამ სისტემას უპირისპირდებიან ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან ილონ მასკი, X-ის შეძენის შემდეგ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეოთხე ეპიზოდში.

ყოფილი პრემიერი ბრძოლის აუცილებლობაში დარწმუნებულია, თუმცა, კითხვას სვამს, თუ რამდენად არის მზად ამისთვის ბრიტანული საზოგადოება.

ამჟამად ჩვენ გვაქვს გაფანტული სისტემა, რომელიც შედგება უპასუხისმგებლო ადამიანებისგან, რომლებიც ძირითადად „ვოუქ“ იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ არიან და ამის გამოსასწორებლად საჭიროა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც რეალურად შეუძლია საქმის კეთება. ეს შესაძლებელია, თუ პარლამენტი სწორ კანონებს მიიღებს. მაგრამ, ვფიქრობ, შეკითხვა არის ის, არსებობს თუ არა საკმარისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი იმპულსი ამ ჯგუფთან საბრძოლველად, რომელიც წინააღმდეგობას აუცილებლად გაუწევს რეფორმატორებს და მათ დემოკრატიის გაუქმების მცდელობაში, ფაშიზმსა და ამდაგვარ რაღაცებში დაადანაშაულებენ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისი განცხადებით, არაფორმალური ძალები ძლიერია, თუმცა, მათთან დაპირისპირება შესაძლებელია. ამისთვის კი, ტრასის განმარტებით, საჭიროა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რათა წინააღმდეგობა შეიქმნას როგორც საზოგადოებრივ, ისე სამთავრობო დონეზე.

„ეს ძალები ძლიერია, თუმცა მათ წინააღმდეგ დგომა შესაძლებელია. შესაძლებელია ალტერნატიული მედიის შექმნა და მათთან დაპირისპირება როგორც საზოგადოებრივ, ისე სამთავრობო დონეზე. რას ნიშნავს ეს ბრიტანეთისთვის? ეს ნიშნავს, რომ არსებული სამოქალაქო სამსახურის მცირე კორექტირება საკმარისი აღარ არის. საჭიროა სისტემის ფუნდამენტური შეცვლა, რათა პრემიერ-მინისტრი რეალურად იყოს ქვეყნის მართვის ცენტრში. ისე, როგორც კორპორაციული აღმასრულებელი დირექტორი განსაზღვრავს, როგორ იმართება ორგანიზაცია, ვინ მუშაობს მასში და როგორ ნაწილდება ბიუჯეტები, იგივე ტიპის უფლებამოსილება და ბერკეტები უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრსაც. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ბრიტანეთი შეძლებს იმ პრობლემებთან - ეკონომიკურ დაღმასვლასა და კულტურულ დეგრადაციასთან - გამკლავებას, რომელთა წინაშეც დგას. რადგან ამ პრობლემების დიდი ნაწილი სათავეს იღებს იმ პერიოდიდან, როდესაც ძალაუფლება გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც ან არ ფლობდნენ სათანადო კომპეტენციას, ან, რაც კიდევ უარესია, მემარცხენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. დაე, 2026 წელი გახდეს ის წელი, როდესაც ამ ორგანიზაციებთან რეალურ დაპირისპირებას დავიწყებთ. გილოცავთ ახალ წელს“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.