Loading data...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევი უნდა მონაწილეობდეს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ბუდრისი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ და რუსეთი ომის დასრულების ახალ წინადადებას ამზადებენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მონაწილეობა აუცილებელია.

„უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ; ისინი ამას უნდა დაეთანხმონ. თუმცა მე არ მსმენია მათი ჩართვის შესახებ. თუ ეს ევროპას ეხება, მაშინ ჩვენ ვართ ევროპა და უნდა განვიხილოთ ის, რაც ჩვენს უსაფრთხოებას ეხება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ევროპამ, მათ შორის ლიეტუვამ, უკვე აიღო პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ, ეს ტვირთი საკუთარ თავზე ავიღოთ. თუ [შეთანხმება] ამ ეტაპზე განხორციელებადია, ჩვენ ვითანამშრომლებთ“, - დასძინა ბუდრისმა.

მისივე თქმით, მაშინაც კი, თუ ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

„ზოგიერთი ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მხარდაჭერა შემცირდება. არა, ის გაიზრდება. ლიეტუვამ აიღო ვალდებულება, რომ 10 წლის განმავლობაში უკრაინას მხარს დაუჭერდა“, - დაასკვნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 28-პუნქტიანი ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელსაც ტრამპის გუნდი რუსებთან კონსულტაციით ამუშავებდა.