ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერთადერთი ევროპული ქალაქი, რომელიც პუტინმა უნდა მოინახულოს, ჰააგაა

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში შესაძლო ვიზიტის შესახებ საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრის მა განაცხადა, რომ ევროპაში ერთადერთი ქალაქი, რომელიც მან უნდა მოინახულოს, ჰააგაა, სადაც საერთაშორისო სასამართლო ორგანოები მდებარეობს. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბუდრისის თქმით, უკრაინაში ომის მოგვარების კონტექსტში, იგი აუცილებლად მიიჩნევს ორი რამის გაერთიანებას.
„პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა, დიპლომატიური ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მისაღწევად. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული პრინციპები, რომლებზეც ყველანი შევთანხმდით. პუტინის ერთადერთი ადგილი ევროპაში არის ჰააგა, (ჰააგის) ტრიბუნალის წინ და არა ჩვენს რომელიმე დედაქალაქში“, - განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ პუტინის თვითმფრინავის ლიეტუვის საჰაერო სივრცეში გადაფრენას შესაძლებლად არ მიიჩნევს.
„ვერ წარმომიდგენია, რომ ის ჩვენს საჰაერო სივრცეს გადაკვეთს... თუ მას სურს იქ [ბუდაპეშტში] მოხვედრა, სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ მე ალტერნატივებს ვეძებდი“, - დასძინა ლიეტუველმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ლიდერების მასპინძლობისთვის მზადებაშია.