Loading data...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბელარუსი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას ცდილობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ ბელარუსი საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე კონსულტაციებს ითხოვს, რადგან ეს მინსკს საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის გზას გაუხსნის; მინსკი ასევე სანქციების მოხსნას ცდილობს. ამის შესახებ ლიეტუველმა მინისტრმა რადიო LRT-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ბუდრისმა აღნიშნა, ეს მისწრაფებები ბელარუსულმა მხარემ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს გააჟღერა.

„პირველი ამოცანაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლა ბელარუსისა და რუსეთის მიმართ, საერთაშორისო იზოლაციისა და რეჟიმთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის პოლიტიკის შეცვლა“, - აღნიშნა მან.

ბუდრისის თქმით, ევროკავშირი ამ პოლიტიკას ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებთან და უკრაინაში რუსეთის აგრესიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ახორციელებს.

„ის ფაქტი, რომ თქვენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგში შედიხართ, ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ყველა სხვა ნაბიჯი მოჰყვება - როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში ბელარუსის ადგილთან, ასევე სხვადასხვა შეთანხმების მომავალთან და მთელ მსოფლიოში ბელარუსის ადგილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლიეტუველმა მინისტრმა.

მან ასევე დასძინა, რომ მინსკი ასევე ცდილობს ევროპული სანქციების მოხსნას, რომლებიც „მათთვის ძალიან მტკივნეულია ეკონომიკურად და ფინანსურად“.

„სწორედ ამიტომ აირჩიეს მათ ლიეტუვა სამიზნედ, თუმცა არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ლიეტუვის საკითხია, ეს ევროკავშირის საკითხია“, - აღნიშნა ბუდრისმა.