Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაქსიმალურად გაფართოებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს მოუწოდა რუსეთის ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებისკენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის ფონზე. როგორც „ევროპული პრავდა“ იტყობინება, ამის შესახებ მან „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ლიეტუვა „ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს“. სწორედ ამიტომ შესთავაზა ნაუსედამ SWIFT სისტემიდან ყველა დარჩენილი რუსული ბანკის გათიშვა, სანქციების სიაში რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“  ყველა გემის დამატება და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დამფინანსებელი ენერგეტიკული კომპანიებისთვის, მათ შორის „ნორდ სტრიმის“, „როსატომის“, „გაზპრომისა“ და „ლუკოილის“ შეზღუდვების გაფართოება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენ სუსტებად ჩაგვთვლიან და დაიჯერებენ, რომ ევროპა არ არის მზად თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - დასძინა მან.

მისი თქმით, უკვე დაწესებული სანქციები „საკმარისად გადამწყვეტი არ იყო“ და რუსეთი მათ გვერდის ავლას მესამე ქვეყნების დახმარებით ახერხებს.

„სწორედ ამ მიზეზით, რუსეთის ეკონომიკა - მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო მდგომარეობაში არ არის - მიმდინარე ვითარებაში მაინც შედარებით კარგად ფუნქციონირებს“, - დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.