Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი: ამ სიტუაციაში იმის მტკიცება, რომ ჩვენ ერთგვარი უსაფრთხოების კუნძული ვართ, უკიდურესად უპასუხისმგებლო და, მე ვიტყოდი, გულუბრყვილოც კი იქნება

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ლიეტუვა უსაფრთხოების კუნძულია. ნაუსედას განცხადებას Delfi ციტირებს.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემდგომი ქმედებები განსაზღვრავს, თუ რამდენად მდგრადი იქნება ლიეტუვა შესაძლო თავდასხმებისა და კონფლიქტების მიმართ.

„გეოპოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად არ უმჯობესდება, ის დაძაბული რჩება, ახალ ელფერს იძენს. სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში დაძაბულობის ახალი კერების გაჩენას. ამ სიტუაციაში იმის მტკიცება, რომ ჩვენ ერთგვარი უსაფრთხოების კუნძული ვართ, უკიდურესად უპასუხისმგებლო და, მე ვიტყოდი, გულუბრყვილოც კი იქნება“, - აღნიშნა ნაუსედამ.

მისი თქმით, ლიეტუვამ უკრაინაში ომის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უზარმაზარი ძალისხმევა გასწია უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„გვაქვს გარკვეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ვალდებულნი ვართ სათანადოდ მოვემზადოთ ლიეტუვას წინააღმდეგ არამეგობრული ძალების შესაძლო ქმედებების შესაჩერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.