Loading data...
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთმა გადაწყვიტა, ბელარუსთან საზღვრის გახსნა გადადოს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვრის დახურვის შესახებ ლიეტუვის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთმა გადაწყვიტა, ამ ქვეყანასთან სასაზღვრო პუნქტების გახსნა გადადოს.

რუგინიენემ განაცხადა, რომ მან ბელორუსის საკითხი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან განიხილა.

„ეს იყო ძალიან დეტალური, ამომწურავი საუბარი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საზღვრების გახსნას გადადებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ და დღეს საზღვრები დაიკეტება როგორც პოლონეთში, ასევე ლიეტუვაში“, - აღნიშნა მან.

რუგინიენემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი გაიგებს, რომ „ჩვენ არ შევეგუებით არანაირ ჰიბრიდულ თავდასხმებს და ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხეების გასაკონტროლებლად და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იქნება, ნოემბერში ბელარუსთან კიდევ ორი ​​სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნას. ვარშავა კუჟნიცას სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნას გეგმავდა, რომელიც 2021 წლის 9 ნოემბრიდან არის დაკეტილი და ბობროვნიკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის, რომელიც 2023 წლის 10 თებერვლიდან არის დაკეტილი.