ლიბანმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა
ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისრაელმა რამდენჯერმე დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„არმიის მეთაურობა მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავოს, რადგანაც ადგილი აქვს ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს“, - დაწერა ლიბანის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა X-ში.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, NNA-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ძალაში შესვლის პირველ საათებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქების, ალ-ჰაიმის და დბეიბინის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ცეცხლი არტილერიიდან და ტყვიამფრქვევებიდან გაიხსნა.
ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17 აპრილს შევიდა ძალაში და ის 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.