Loading data...
ლიბანის სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ქალაქში განლაგდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ტერიტორია დატოვეს

ლიბანის ძალებმა სამხრეთ ქალაქ ზავტარ ალ-ღარბიეში განლაგება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ჯარები ტერიტორიიდან გაიყვანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, წერს Deutsche Welle.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ლიბანელმა ჯარისკაცებმა „დაიწყეს ნაბატიეს რეგიონში, ზავტარ ალ-ღარბიეში განლაგება“ მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰეზბოლასთან“ ომის დროს სამხრეთ ლიბანის ნაწილები დაიპყრო.

ეს ნაბიჯი შეესაბამება ვაშინგტონის შუამავლობით შემუშავებულ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ლიბანის სამხედროები უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ უსაფრთხოებაზე და იმუშავებენ ტერიტორიიდან ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ იარაღის გატანაზე.

ივნისის ბოლოს ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ჩარჩო შეთანხმების თანახმად, ლიბანის შეიარაღებული ძალები „თანდათანობით აიღებენ სრულ და ეფექტურ პასუხისმგებლობას „საპილოტე ზონების“ უსაფრთხოებაზე, რაც იმოქმედებს, როგორც მექანიზმი ისრაელის თავდაცვის ძალების ეტაპობრივი და დადასტურებული გადაჯგუფებისა და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგებისთვის“.