Loading data...
ლიბანის პრეზიდენტი ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმებას და „ჰეზბოლას“ განიარაღებას ემხრობა

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი AFP-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სურს ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ, რაც ისრაელი საკუთარ ჯარებს ლიბანის ტერიტორიიდან გაიყვანს.

ლიბანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს, შესაძლოა, მომავალში სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობა გახდეს.

აუნი, ასევე, აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ განიარაღებას დაპირისპირების გარეშე გეგმავს.

საფრანგეთში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ლიბანს სურს ახალი, ევროპული ან სხვა საერთაშორისო ძალის შექმნა, რათა სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ვაკუუმი არ შეიქმნას მას შემდეგ, რაც გაეროს სამშვიდობო ძალები წლის ბოლოს, მათი მანდატის ამოწურვის შემდეგ, რეგიონს დატოვებენ.

ის მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და არაბულ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ლიბანის სამხედრო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებისას.

აუნის ხელმძღვანელობით ლიბანმა იკისრა ვალდებულება, განაიარაღოს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, რომელმაც, ისრაელზე თავდასხმით, ლიბანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უფრო ფართო ომში ჩაითრია. „ჰეზბოლა“ განიარაღებაზე უარს ამბობს, ხოლო ისრაელის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ბეირუთი საკუთარ დაპირებებს შეასრულებს.

აუნის განცხადებით, მას სურს ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმება, „პირველ რიგში, მტრული მდგომარეობისა და საზღვარზე არმიის განლაგების დასასრულებლად. ეს შესაძლოა მოგვიანებით სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობა გახდეს, თუმცა ჩვენ პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლა არ შეგვიძლია.“

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა მოლაპარაკებებისა, რადგან ალტერნატივა ომია, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირი დაჯდება“, - დასძენს ლიბანის პრეზიდენტი.

პარიზში აუნი დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელსაც, ასევე, დაესწრება იორდანიის მეფე აბდულა II. შეხვედრის მიზანია ლიბანის არმიისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ის ქვეყნის მასშტაბით განლაგებას ახორციელებს.