ლიბანის პრეზიდენტი ისრაელთან მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობაზე საუბრობს და დარტყმების შეწყვეტას მოითხოვს
ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აცხადებს, რომ ისრაელთან მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტაზე, ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანაზე, საზღვრის დემარკაციასა და პატიმრების გათავისუფლებაზე პროგრესი ჯერ არ მიღწეულა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან შეხვედრისას აუნმა ლიბანში ისრაელის დარტყმების შეწყვეტა მოითხოვა და გააფრთხილა, რომ ისინი რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას, ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში გამართულ სამმხრივ სამუშაო შეხვედრაზე, ლიბანის სამხედრო დელეგაციამ ბეირუთის მოთხოვნები წარადგინა, რომლებიც ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ითვალისწინებს.
აუნის განცხადებით, ლიბანის სახელმწიფო და არმია მზად არიან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, „ოფიციალური მექანიზმებისა და კოორდინაციის არსებული არხების“ მეშვეობით მოაგვარონ. მან, ასევე, ევროპას ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ლიბანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის მხრიდან დარტყმების გაგრძელება ბეირუთს „ჰეზბოლას“ განიარაღების მცდელობებში ხელს უშლის. თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანის არმიას ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ შეუძლია შეასრულოს უსაფრთხოების ის ფუნქცია, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განისაზღვრა.
აუნი, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას, რომ წლის ბოლოს ლიბანში გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) მანდატის მოსალოდნელი ამოწურვის შემდეგ სამხრეთ ლიბანში, შესაძლოა, უსაფრთხოების ვაკუუმი შეიქმნას.