Loading data...
Le Figaro: ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს

საფრანგეთში სამართალდამცველებმა ორი დამნაშავე დააკავეს, რომლებიც ლუვრის მუზეუმის ძარცვაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Le Figaro წერს. 

როგორც მედია იუწყება, ძარცვაში მონაწილე ორი დამნაშავე შაბათს, 25 ოქტომბერს, საღამოს დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი როისის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ალჟირში მიმავალ რეისზე ასვლას აპირებდა.

ოპერაცია დაახლოებით საღამოს 10 საათზე ჩაატარა ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადამ (BRB), რომელიც პასუხისმგებელი იყო გამოძიებაზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მხარდაჭერით.

მეორე დამნაშავე პარიზის სასამართლო პოლიციამ სენ-დენიში დააკავა.

ამჟამად პოლიცია თანამზრახველებს ეძებს.

გამოცემის ცნობით, კვირა დილის მონაცემებით, საფრანგეთის სამეფო ოჯახის კუთვნილი რვა სამკაული, რომელთა ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიეზმა იმედი გამოთქვა, რომ საქმე მალე გაიხსნება.

„მოძალადეებმა ნაპოლეონის გალერეაში უამრავი მტკიცებულება დატოვეს, მათ შორის „150-ზე მეტი დნმ-ის ნიმუში, თითის ანაბეჭდები და სხვა კვალი“, განაცხადა გასულ ხუთშაბათს პარიზის პროკურორმა ლორ ბეკუამ.

ცნობისთვის, ლუვრის მუზეუმი 19 ოქტომბრის დილას გაძარცვეს. ქურდებმა ნაპოლეონისა და იმპერატრიცა ევგენიას კუთვნილი ცხრა სამკაული მოიპარეს. მათგან ორი უკვე ამოღებულია: ევგენიას გვირგვინი, რომელიც დაზიანდა და კიდევ ერთი ნივთი.

გახმაურებული ძარცვის შემდეგ ლუვრმა ძვირფასი ნივთების ნაწილი საფრანგეთის ბანკში გადაიტანა.