ლავროვი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმის განზრახვები რუსეთს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს
მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია განზრახვა, თავს დაესხას ნატოს ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას“.
„ჩვენ მზად ვართ, ეს პოზიცია გავამყაროთ სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებში“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, ასეთი გარანტიების განხილვაზე უარს იტყვიან.
როგორც „moscowtimes“-ი წერს, ლავროვმა დასავლეთი ესკალაციაში დაადანაშაულა. მაგალითად, მან დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის სამხედრო და ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მოიყვანა.
ლავროვმა დასძინა, რომ „ევროპული ელიტების უმრავლესობასთან შინაარსიანი დიალოგის პერსპექტივა არ არსებობს“.