Loading data...
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიდრე რუსეთი თავის ქცევას არ შეცვლის, მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების საფუძველი არ არსებობს.

ლატვიელი მინისტრის თქმით, რუსეთი ახლა საპირისპიროს აკეთებს - აცხადებს, რომ მზადაა შეასრულოს თავისი სტრატეგიული მიზნები - კერძოდ, უკრაინის განადგურება და ევროპისთვის საფრთხის შექმნა.

„სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის ქმედებებს, პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვმართავთ ამ საკითხზე დისკუსიებს, არც ბალტიის რეგიონში და არც სხვა ფორმატებში. და ვიდრე რუსეთი არ შეცვლის თავის ქმედებებს - არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ რეალურ ქმედებებს - ჩვენ ვერ ვხედავთ მასთან არსებითი განხილვის საფუძველს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

როგორც ლატვიელი დიპლომატი აღნიშნავს, ამავდროულად, გარკვეულ მომენტში, როდესაც ეს აუცილებელი გახდება, ევროპა მზად იქნება მომლაპარაკებელი დანიშნოს.

„ჩვენ მზად ვიქნებით. თუმცა, ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რაზე შეიძლება ისაუბროს ასეთმა სპეციალურმა წარმომადგენელმა“, - დასძინა მან.