Loading data...
ლატვიის პრეზიდენტი: ევროპას სარაკეტო თავდასხმის მოგერიება გაუჭირდება

ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, უკრაინაში დრონების გამოყენებით ომი სწრაფად ვითარდება, ხოლო ევროპა საჰაერო თავდასხმის ტექნოლოგიების განვითარების ტემპს ჩამორჩება. ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში ნატოს ქვეყნების უმეტესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებას.

„ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვის, დრონების საწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ეს პრობლემები უკრაინას აქვს. ეს პრობლემები მთელ ევროპასა და ნატოს აქვს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტის გაშვებას გადაწყვეტს, „დღეს ბევრი ქვეყნისთვის ეს სერიოზულ გამოწვევად იქცევა, რომელთანაც გამკლავება რთული იქნება“.