Loading data...
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატი წარადგინა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე არმიის პოლკოვნიკი რაივის მელნისი წარადგინა მას შემდეგ, რაც ანდრის სპრუდსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. 

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სილინამ აღნიშნა, რომ სპრუდსმა დაკარგა მისი და საზოგადოების ნდობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვას პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს.

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სექტორს „ახალი, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება“ და ამიტომ მინისტრის თანამდებობა რაივის მელნისს შესთავაზა.

„მისი წინა გამოცდილება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში, ლონდონში მიღებული სამხედრო განათლება და უკრაინაში მისი ამჟამინდელი მუშაობა გვაძლევს რწმენას, რომ სახელმწიფოს თავდაცვა კომპეტენტურად, მიზანმიმართულად და საარჩევნო რიტორიკის მიღმა განხორციელდება“, - ხაზგასმით აღნიშნა სილინამ.

მან ასევე დასძინა, რომ მელნისი დათანხმდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავებას.

ცნობისთვის, 10 მაისს ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დრონებით ლატვიის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტები დაფიქსირდა.