ლატვიაში ორი დრონი ჩამოვარდა
7 მაისის დილით ლატვიაში ორი დრონი ჩამოვარდა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შეფრინდა. ამის შესახებ ლატვიის არმიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
7 მაისს, დილას ბალვის, ლუძასა და რეზეკნეს რეგიონებში საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხე გამოცხადდა.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დრონი ჩამოვარდა ნავთობის საცავის მახლობლად, ქალაქ რეზეკნეში, რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში. ინციდენტის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც მიმდინარეობს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ნავთობის ავზების თერმული ვიზუალიზაციის შემოწმების დროს მომატებული ტემპერატურა არ დაფიქსირებულა.
მეორე დრონის ჩამოვარდნის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ რეზეკნეს რეგიონში მიემგზავრება. მისი თქმით, იქ სიტუაცია რთულია და საფრთხე კვლავ არსებობს.
„ამჟამად ეროვნული შეიარაღებული ძალები ნატოს მოკავშირეებთან ერთად მაქსიმალურად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს; ჰაერში ასევე არიან გამანადგურებლები“, - განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს.
„ერთი შეხედვით, სავარაუდოა, რომ ეს არის დრონები, რომლებიც უკრაინის მხრიდან რუსეთში სამიზნეებისკენ მიემართებოდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია; ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს“, - დასძინა მან.
რეზეკნეში, რეზეკნესა და ლუძას რაიონებში დღეს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი გაუქმდა.